საინტერესო სტატიები


მხატვრული ტექსტის წაკითხვისათვის
Начало формы
 Описание: a-  Описание: A+ 
Конец формы
ყველგან, სადაც სამყარო განიცდება ჩვენ მიერ, სადაც ხდება უცხოობის ჩამოცილება სრულდება ჰერმენევტიკული პროცესი სამყაროს შეკრებისა სიტყვაში და ზოგად ცნობიერებაში.
. გადამერი

აზრის გამოვლინება ენაში _ ასე განსაზღვრავს გაგების ცნებას შლაიერმახერი.
ხშირად მოსწავლე კითხულობს ამა თუ იმ ტექსტს, იცის მისი შინაარსი, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, რომ ის ჩაწვდა ავტორის სათქმელს. როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლემ სწორად გაიგო ტექსტი? ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ ასეთი ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი არ არსებობს. მხატვრული ტექსტის გაგება, მისი სწორად ინტერპრეტაცია, სინქრონული და დიაქრონული რაკურსების გაერთიანება, მკითხველი და თეორეტიკოსი, ავტორი და ისტორიული კონტექსტი, შინაგანი და გარეგანი ლოგოსი, ენობრივი და ჟანრული მოდელი ეს ლიტერატურის თეორიის საკითხების ის მცირე ჩამონათვალია, რომლის ცოდნაც საჭიროა სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის ტექსტის დეკონსტრუქციისა და შემდგომი სწორი რეკონსტრუქციისთვის.
მხატვრული ტექსტების ჰერმენევტიკული მეთოდით კვლევა მეტად აქტუალური და საინტერესოა. ჰერმენევტიკას სხვაგვარად გაგების თეორიის სახელით მოიხსენიებენ. იგი მოიაზრება როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ახსნისა და განმარტების უნივერსალური ხერხი. მხატვრული ტექსტების ამ კუთხით კვლევას ღრმა ფილოსოფიურ-ლიტერატურათმცოდნეობითი საფუძვლები აქვს. ის ტექსტის ფუნდამენტური გააზრების საშუალებას იძლევა, მისი გამოყენებით შევიცნობთ ტექსტის მთავარ სათქმელს, საზირსს. ტერმინ ჰერმენევტიკას ეტიმოლოგიურად ანტიკური ღმერთის ჰერმესის სახელთან აკავშირებენ. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესი შუამავალია ზევსსა და ადამიანებს, ზევსსა და მიწისქვეშეთს, აგრეთვე მიწისზედა და მიწისქვეშა სამყაროებს შორის. ის მედიატორია, რომელიც განუწყვეტლივ კვეთს ონტოლოგიურ საზღვრებს და ასრულებს სიტყვის მიმტანის, ამბის განმმარტავის ფუნქციას.
გაგებისა და ახსნის პრობლემით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაინტერესდნენ. ტექსტის გააზრების კუთხით პირველი ნაბიჯები სტოელთა ფილოსოფიურ სკოლას უკავშირდება. ამ სკოლის წარმომადგენლებმა დაიწყეს ბერძნული მითების, ჰომეროსის ილიადასა და ოდისეას და ჰესიოდეს თეოგონისს განმარტება. განმარტების ხელოვნებას ეხებოდნენ სოფისტებისა და რიტორიკის სკოლებში. შემდეგ სტოელებთან განვითარდა .. ალეგორიული ინტერპრეტაცია.
მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის პროცესში სტოელები ერთმანეთისგან განასხვავებდნენ წარმოთქმულ და შინაგან ლოგოსს: პირველი ტექსტის პირდაპირი აზრია, ხოლო მეორე ამ გამოხატულების შინაარსი ანუ დაფარული საზრისი. შინაგანი ლოგოსი ანუ ტექსტის დაფარული საზრისი ცხადდება გარეგან ლოგოსში. ტექსტის ალეგორიული ინტერპრეტაციის მეთოდი შემდგომ განვითარდა ბიბლიის ტექსტების ელინისტური და პატრისტიკის პერიოდის ეგზეგეტიკაში.
შუა საკუნეებში ჰერმენევტიკა განუყოფლად დაუკავშირდა თეოლოგიას, რადგან ქრისტიანული თეოლოგიური აზროვნების აღმავლობის ეპოქაში აუცილებელი გახდა საღვთო წიგნების, ეკლესიის მამათა თხზულებების განმარტება. წმინდა წიგნებში მოცემული დოგმები და მათი ახსნის ფორმები საუკუნეების განმავლობაში ღვთისმეტყველთა პრეროგატივას წარმოადგენდა. ეკლესიას სჭირდებოდა გარკვეული მოძღვრება, ახსნის თეორია და მეთოდი. ამგვარად, უკვე გვიან შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ჰერმენევტიკის თეოლოგიასთან დაკვავშირებული სახეობა, რელიგიურ-დოგმატური ჰერმენევტიკა.
ბიბლიის ტექსტების ალეგორიული განმარტების წამოწყება ფილონ ალექსანდრიელს უკავშირდება (ძვ. . I ). ფილონს მიაჩნია, რომ ავტორი ყოველთვის ზრუნავს, რათა ტექსტი ალეგორიული იყოს. შესაბამისად, ამგვარი ტექსტი ალეგორიულად უნდა განიმარტოს.
ბიბლიის ალეგორიული განმარტება ასევე დაკავშირებულია ღვთისმეტყველ იოანე ოქროპირის სახელთან. ფილონის მოძღვრებაზე დაყრდნობით იგი აყალიბებს თავის ცნობილ სწავლებას საღვთო წერილის სამგვარი განმარტების, ანუ საღვთო წერილის ტექსტში სამმაგი საზრისის არსებობის შესახებ. ტექსტში პირდაპირი და დაფარული საზრისების გამოყოფა შეესატყვისება ადამიანის არსის სამ შემადგენელ ნაწილს: ხორცს, სამშვინელს და სულს. იოანე ოქროპირის აზრით, ეგზეგეტი სახარების ტექსტებში ჯერ ჰპოვებს სხეულებრივს, სიტყვასიტყვით აზრს, შემდეგ მშვინვიერს ანუ ტექსტის მორალურ-ეთიკურ საზრისს, დაბოლოს სულისმიერს ანუ ტექსტის შინაგან ლოგოსს.
XIX საუკუნიდან კი ჩნდება ფილოსოფიური ჰერმენევტიკა, რომელიც წერილობითი წყაროების ინტერპრეტაციის პრობლემებს განიხილავს. მისი წარმოშობა გერმანელი ფილოსოფოსისა და თეოლოგის ფრიდრიჰ შლაიერმახერის (1768-1834) სახელს უკავშირდება. შლაიერმახერის მოღვაწეობა იქცა ჰერმენევტიკული კვლევისაკენ შემობრუნების წერტილად.
ამდენად, ლიტერატურული ნაწარმოების გაგება გულისხმობს არა მხოლოდ ფაქტების ცოდნას, არამედ მთელ ნაწარმოებს როგორც განსაზღვრული შინაარსის მქონე მოდელს. ეს მოდელი ვლინდება ჟანრით, მხატვრული ხერხებით, კომპოზიციისა და სიუჟეტის თავისებურებით, მწერლის ენითა და სხვადასხვა კოდის ერთობლიობით, რომლებსაც ამოხსნა, დეკოდირება სჭირდება.
ტექსტის სწორად ინტერპრეტაციის გასაღები კოდების ფლობით გამოიხატება. მკითხველი ტექსტს გაიაზრებს მასში მოცემული ენიგმებით როგორც სინქრონულ, ასევე დიაქრონულ ჭრილში. ასე ხდება მკითხველის გამოცდილების გადანაცვლება ტექსტში.
განვიხილოთ რამდენიმე კოდი.
გამოსახვის საშუალებათა კოდი – მოიცავს ლიტერატურული ნაწარმოების ენობრვ მხარეს და გულისხმობს მკითხველისაგან ენის ცოდნას, სტილისტიკურ თავისებურებათა გააზრებას, ტროპების გამოყენების გათვალისწინებას და სხვ. მაგალითად, იმპრესიონისტული პროზისათვის დამახასიათებელია ერთგვარი ირონია როგორც აზრის ლაკონიური გამოხატვის საშუალება, ემოციურ-ექსპრესიული თხრობა, მრავალწერტილი, დაუმთავრებელი წინადადებები, მძაფრი რიტმი, მოკლე, სხარტი ფრაზები, დეპეშური სტილი, მუსიკალურობა. ნიკო ლორთქიფანიძე ერთგან წერს: უმთავრეს მიზნად დასახული მქონდა, მკითხველში ერთგვარი სულის განწყობა გამომეწვია სიტყვის საშუალებით მუსიკის საწადელი მიმეღწია. გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება:
მოკვდა უცხოეთში.
ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.
ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:
შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!
ერთმანეთს შესცქეროდნენ.
(„გული).
დარჩა მამა-შვილი ისევ ობლად. ელის ბავშვი ეყოლა.
გაუჭირდათ. გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც ელის მხოლოდ მედალიონი დარჩა გულზე…“
(„შელოცვა რადიოთი)
გაძვრა-გამოძვრა მაჭანკალი…“ (თავსაფრიანი დედაკაცი) ამ ორი სიტყვით მწერალმა შექმნა სიტყვის ფერიც, მუსიკალურობაც, პერსონაჟის გამოკვეთილი სახასიათო ტიპიც.
მწერალი თავისი ოსტატობით, პატარა, სხარტი წინადადებებით, ზუსტად მიგნებული ფრაზებით ახერხებს ემოციური სიუჟეტის აგებას. მშრალი ფრაზები ფერწერული სურათის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ჟანრული კოდი. მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ლიტერატურულ ჟანრს სიუჟეტის აგების თავისებური კანონები აქვს.
ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლა რომ გაუდვილდეთ, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სასულიერო მწერლობისათვის ნიშანდობლივია ეროვნული გმირის ახლებური სახის შექმნა (. სირაძე). ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს თან სდევს აღმზრდელობით-დიდაქტიკური მოტივები, გმირითა და მასთან დაპირისპირებული ანტიგმირით წმინდანის სრულყოფილი სახის შექმნა, ისტორიზმის სიჭარბე. წმინდანი იმეორებს ქრისტეს გზას. საყურადღებოა ჰაგიოგრაფიული ტექსტების ბიბლიასთან მიმართება, რომლითაც ვლინდება შუასაუკუნეების მრწამსი.
გავიხსენოთ შუა საუკუნეების ეპოსი. ვეფხისტყაოსნის სწავლის დროსაც გვმართებს ჟანრის მახასიათებლების გათვალისწინება. შუა საუკუნეების ეპოსი მიზნად არ ისახავს კონკრეტული სინამდვილის ასახვას, აქ გმირები მხატვრულ იდეალებს განასახიერებენ. გვხვდება სინთეზი რეალური და გამოგონილი ფაქტებისა, ქვეყნებისა. არ გვხვდება დრო-სივრცითი საზღვრები. ყოველივე ამის გათვალისწინებით ტექსტის გააზრება მართებს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლესაც, რომლისთვისაც უკვე გასაგები იქნება, რატომ აღწერს რუსთველი დევებთან ბრძოლას, სამი გმირის სამი ჯადოსნური აღკაზმულობით ქაჯთა ძლევას და სხვ.
რაც შეეხება იმპრესიონისტულ პროზას, მან მოხსნა სიუჟეტის კლასიკური გაგება, გააბატონა მცირეფორმიანი თხზულებები, რომლის მიზანიც ემოციურ-ექსპრესიული განწყობის შექმნაა (. ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი). მინიატურა, ნოველა, ესკიზი მწერლის შთაბეჭდილებითი ასახვის ყველაზე ზუსტად მიგნებული ფორმებია. ვრცელ მონოტონურ აღწერებს, თხრობას ანაცვლებს სხარტი ფრაზები: ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიდან წუღებამდის წინდაც კი შავი…“ აქ აშკარად იკვეთება რეალისტური სტილისგან განსხვავებული დახვეწილი ლაკონიური თხრობა, ფერწერული პორტრეტების თხზვა. ასევე, ნიშანდობლივია მწერლის სუბიექტური შეფასების ღიად წარმოჩენა, რიტმულ-მუსიკალური მინიატურებით რეალისტური სურათების შექმნა. მაგალითად, . ლორთქიფანიძის საშობაო მინიატურები იწყება ამაღლებული ინტონაციით: იქ, სადღაც, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო აქ კი დღეს…“ და შემდეგ მწერალი მთელი ტრაგიზმით ხატავს სურათებს იმ განწირული ადამიანების ყოფიდან, რომელთათვისაც დახშულია ტანჯვის შემამსუბუქებელი გზები. გმირის სულიერი სამყაროს წვდომისათვის იმპრესიონისტული წერის თავისებურების დახვეწილი შტრიხების გააზრება მკითხველს სულ სხვა რეცეფციულ პროცესს სთავაზობს. ხშირად მარტივი შინაარსის სიღრმისეულ წვდომას სწორედ ჟანრის სპეციფიკის ცოდნა უადვილებს მკითხველს.
ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიჭია იყო მწერალი და ასევე უდიდესი ნიჭია, იყო კარგი მკითხველი. როგორც გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი ამბობდა, კითხვა ხელოვნებაა, მკითხველიც ხელოვანია. წიგნის კითხვის უნარი ნაწილობრივ თანდაყოლილიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა კულტურული მკითხველისთვის საჭირო ჩვევების გამომუშავება ყოველ ჩვენგანს შეუძლია.

შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა და ანალიზი

      
ქართული ენა და ლიტერატურა
გარკვეული სასწავლო მონაკვეთის შესწავლა-დამუშავების შემდეგ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემაჯამებელი დავალებების ჩატარება. შემაჯამებელი სამუშაო ორივე მხარეს ( მასწავლებელსა და მოსწავლეს) უქმნის გარკვეულ წარმოდგენას რამდენადაა დაძლეული სასწავლო ერთეული, რამდენად წარმოჩნდა სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და/ან უნარ-ჩვევები სასწავლო წლის კონკრეტულ ეტაპზე.
ქართული ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს საგნის  სტანდარტით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. შესაბამისად, ფორმის თვალსაზრისით შემაჯამებელი სამუშაო შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ზეპირმეტყველება, წერა თუ კითხვა.
გავრცელებულია მცდარი თვალსაზრისი, რომ შემაჯამებელი დავალების ერთადერთი ლეგიტიმური ფორმა წერითი ტესტური დავალებებია. ეს, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ მასწავლებელს ხშირად სთხოვენ, შემაჯამებელი სამუშაოს წერილობით ანალიზს თან დაურთოს ჩატარებული შემაჯამებლის გასწორებული სამი ნიმუში ან ეს, შესაძლოა, ყველაზე მარტივი გამოსავალი იყოს რუტინული მოთხოვნის ფორმალურად დასაკმაყოფილებლად.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შემაჯამებელი სამუშაო გავხადოთ ერთდროულად ეფექტურიც და ეფექტიანიც? პასუხი მარტივია უნდა გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ფორმები, რადგან დასმულ შინაარსობრივ ან ფაქტობრივ კითხვაზე 4 სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის მონიშვნა ნადვილად ფორმალური, არაფრისმომცემი და რუტინული საქმეა.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
§  მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
§  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
§  არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის შესახებ;
§  ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
§  ესეს შედგენა;
§  პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
§  გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური ან გუნდური);
§  ლიტერატურული სალონი;
§  ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
§  სხვა.
როგორც ვხედავთ, გარდა წერილობითი ფორმისა, მასწავლებელს შეუძლია კლასში ჩატარებულ დისკუსიას, მსჯელობას ან მინისპექტაკლსაც კი მისცეს შემაჯამებლის ფორმა.
ამ შემთხვევაში მასწავლებლებს უჩნდებათ კითხვა როგორ მოვახდინოთ ჩატარებული შემაჯამებლის დოკუმენტირება?
თავდაპირველად გავეცნოთ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც საერთოა ნებისმიერი ფორმით ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოსთვის:
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:
დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა
ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების, პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით
10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე
მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
შემაჯამებლის ანალიზი დოკუმენტირება
შემაჯამებლის ანალიზის წერისას მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხელთ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის დოკუმენტი, სადაც კლასების მიხედვითაა გაწერილი სტანდარტი წლის ბოლოს რა შედეგებს უნდა მიაღწიოს მოსწავლემ.
იმის მიხედვით, თუ რა ფორმა შეარჩია მასწავლებელმა, შემაჯამებლის წერილობით გაანალიზებისას ის მიუთითებს მიმართულებას და დაურთავს შესაბამის აღნიშვნას. მაგალითად, თუ მასწავლებელმა საშუალო საფეხურზე შეარჩია შემაჯამებლის ფორმა ზეპირი მოხსენების წარდგენა სტანდარტის თანახმად ეს შეესაბამება შემდეგ გრაფებსზეპირმეტყველებაქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზექართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
შეფასების რუბრიკის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს სამსჯელო საკითხი, კლასში ჩატარებული სამუშაოები, კონკრეტული კლასის საჭიროებები. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი შეფასების რუბრიკას შეათანხმებს კლასთანაც. ნებისმიერ შემთხვევაში, შეფასების კრიტერიუმების წინასწარ გაცნობა მოსწავლეებისთვის საჭიროა.
სანიმუშოდ, გთავაზობთ ასეთ რუბრიკას:
§  მსჯელობის ორგანიზება (2 .);
§  არგუმენტაცია ტექსტობრივი მასალის გამოყენებით (2 .);
§  დამოუკიდებელი აზროვნება – აზროვნების არაშაბლონურობა და ორიგინალურობა (2.);
§  ადეკვატური სტილისა და ლექსიკის შერჩევა (2 .);
§  ენობრივი გამართულობა (2 .).

რაც შეეხება დოკუმენტურ მასალას, რომელმაც უნდა დაადასტუროს ჩატარებული შემაჯამებელი:
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მეოთხე თავი მოსწავლის შეფასების სისტემას ეძღვნება. მეთვრამეტე მუხლში აღნიშნულია:
თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციამოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა;
შემაჯამებელი ტესტური დავალებების შემთხვევაში ეს, როგორც უკვე აღინიშნა, შესრულებული წერითი დავალებების გასწორებული ნიმუშებია.
სხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია წარადგინოს ფოტო ან ვიდეოჩანაწერი, რაც დღესდღეობით დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.
ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია  შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს მოეთხოვებათ მასწავლებლებს. რამდენად ამართლებს ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო მასზე დახარჯულ დროს, ენერგიას.
საინტერესო იქნებოდა კოლეგების გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით.



No comments:

Post a Comment